+ -
+29
ლექსები სიყვარულზე და სიხარულზე (7 ლექსი)


ჩვეულებრივი დღე

ჩვეულებრივად დაღამდა ჩვეულებრივი დღე,
ჩვეულებრივი ვარსკვლავი ჩვეულებრივად ანათებს.
შენი დაკარგვის ამბავიც ჩვეულებრივად შევიტყვე
და მარტოობას უნიჭო მსახიობივით ვამართლებ.

ჩვეულებრივი სიზმრებით ჩვეულებრივად ვიძინებ,
ჩემს ჩვეულებრივ ოთახში ქარმა ფანჯარა ჩალეწა.
რადგან სულელურ ამბავზე ჩვეულებრივად ვიცინე,
წითელი ღვინოც პერანგზე ჩვეულებრივად დამექცა.

ჩვეულებრივი სუნი მაქვს, ჩვუელებრივი განცდები,
ჩვეულებრივად ვსაუბრობ, ჩვეულებრივად მაცვია.
ასე მგონია სიხარულს გზაზე ბრმასავით ავცდები,
ჩვეულებრივად იტყვიან _ `უსიხარულო კაცია~.

ჩვეულებივად დავფრინავ, ჩვეულებრივი ოცნებით,
დეკემბერია! ქუჩაში ჩვეულებრივად ითოვებს.
უნდა მიყვარდეს მე შენი ჩვეულებრივი კოცნები,
ტუჩზე რომ დამადნება და არაფრის გემოს მიტოვებს.

უნდა ვუყურო პაემანს ჩვეულებრივი წყვილებით,
ყვავილებს ბიჭი იყიდის, როგორც წესი და რიგია.
უნდა მიყვარდეს თბილისის ჩვეულებრივი წვიმები
და ნიაღვარი სტრიქონი არ იყოს, როგორც სტიქია.

ეს მსახიობი სცენაზე ჩვეულებრივად თამაშობს,
ეს კი, იცნობდეთ, მხატვარი _ ჩვეულებრივი მხატვრობით.
დედა წვიმიდან შემოსულს ჩვეულებრივად გამაშრობს
და დავშორდები სიყვარულს ჩვეულებრივი მადლობით.

ჩვეულებრივად რას ნიშნავს? ჩვეულებრივად _ ეს როგორ?
უჩვეულობის გარეშე? მაშინ სიცოცხლე რად მინდა?!
თუ შემიყვარდა ისე რა, ჩვეულებრივად ეს გოგო
და არ ვაჩუქე მაისი აყვავებული ატმიდან….

ჩვეულებრივად რად მინდა?!

გიორგი ზანგური

დანარჩენი სრულიადში ->
+ -
+29
თბილი ფერები


თბილი ფერები

მე ეს ცხოვრება ცრემლებისთვის არ მემეტება,
რომ ჩამომრეცხოს და დამატყოს სველი ღარები,
რომ დამაბეროს, რომ ბავშვობა მექცეს წარსულად
და აწმყოსა და წარსულს შორის ჩადგეს კარები.
მე სიცოცხლეში მინდა მხოლოდ თბილი ფერება,
თბილი ხელები, რომ გალობა შემაძლებინოს,
რომ მომავალმა არ იჩქაროს წამის ბერება,
საათის ისრებს ჩუმი ფეთქვა შეაწყვეტინოს.
მე მონატრებად მინდა მექცეს ბედნიერება,
და სევდად მხოლოდ მონატრება ბედნიერების,
რომ ეს ბავშვობა უბერებლად იქცეს ერებად,
შვილთაშვილებმა არ დაჰკარგონ წესი ფერების.
წლები კი გადის და იცვლება ჩვენი ფერებიც,
სითეთრე ჩუმად ჩამოგვათოვს ერთფეროვნებას
და სანატრელი გაგვიხდება სურნელი წვიმის,
როცა ბავშვობას ჩაგვიხატავს დიდ-ფეროვნება.
მე მხოლოდ თბილი ბუდე მინდა, თუნდაც ჩხირების,
არც მოქარგული, არც ნალესი ძვირფასი ქვებით,
და მხოლოდ ჩემი ჩიორა და მისი ბარტყები,
თბილი თვალებით, ნამთვრალევნი თბილი ფერებით.


ავტორი: გიორგი ბოგველი

დანარჩენი სრულიადში...

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up