+ -
+9
ლექსების კრებული


„მრავლად არიან ბედის ურჩები,
თავიც ჰგონიათ ქვეყნის მომვლელი.
კაცობრიობას ძვირად უჯდება
პატარა კაცის დიდი როლები.
არ წაუკითხავს არცერთი წიგნი
და არც თავისი როლი ბოლომდე
და ისე უნდა ამ სულელ პინგვინს
ერს და ქვეყანას წინამძღოლობდეს.
ცვლიან და ცვლიან ომებს ომები.
ვინ ვის, ბატონო, რომელს რომელი?
სულ იცვლებიასნ მსახიობები,
არ იცვლებიან მხოლოდ როლები!“

შოთა ნიშნიანიძე
+ -
-1
ლექსების კრებული


გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.

შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს.

მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახში ჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.

გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ...

დათო კრაწაშვილი
---

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

---

ბატონო ჩემო,
აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
გადიშალა მკერდზე ყვავილი...
მე მოვირთვები, გაოცდება მავან-მავანი
და თქვენს ნაცვლად თბილისს დავივლი...
ბატონო ჩემო!
შებინდებისას დაქანცული ქუჩის ხმაურით,
მთვრალი სუნით იასამანის,
მე დავწერ თქვენთვის, არ ექნება ლექსს სათაური
და ეს იქნება ჩემი წამალი.
ბატონო ჩემო!
შუაღამისას ჩუმად გამცნობთ იასამნობას
და რაიმეს უფრო სანატრელს...
როდის ჩამოხვალთ,
მომენატრეთ,
როდის ჩამოხვალთ
და ღამეს კვლავ თეთრად გავათევ...
ბატონო ჩემო!
უთქვენობამ და გაზაფხულმა იძალა ერთობ,
ამ ტკივილებსაც კვლავ სათქვენო ლექსად ვინახავ,
იასამნობა გამაგიჟებს, დამღუპავს, ღმერთო!
გადამარჩინეთ...
ბატონო ჩემო,
მე თქვენ მიყვარხართ!

აყვავდა თქვენი საყვარელი იასამანი,
ბატონო ჩემო!

---

ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.

ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.

შენა ხარ ჩემი თავდავიწყება,
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.

შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით ტანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური, რძისფერი ტანი.

მოდი,
იხუვლე,
ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით
+ -
+14


უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ….
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს…
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

გალაქტიონ ტაბიძ
+ -
+14


ან რად მინდოდა
-

დილაადრიან მოაკითხავენ
შენი ჩიტები ჩემს მონატრებებს.
აჭიკჭიკდება ბაღი, დაღლილი,
გადაიზნიქავს წელს სიმარტოვე.
გადაიყოლებს ჩემი სიზმარიც
დღის მირაჟისკენ ღამის კენწეროს.
ესეც ბედია, მთელი სიცოცხლე
რომ სიყვარულის ნატვრა გეწეროს.
ქარის ექოში შენს ხმას დავეძებ
გაფაციცებით... ყველას ვაჩუმებ.
გამოგვაკერეს ავგაროზივით
ჩვენ ერთმანეთის სიზმრის სარჩულებს.
აღარც ვაჩნივარ ცხადის ქალაქებს,
როგორც დღეს - თეთრი მთვარის ფრანები.
სიყვარულს თავიც კი მოვაბეზრე
ბედნიერების გადაბრალებით.
ან რად მინდოდა, ოდესღაც ღვთისგან
სიხარულივით რომ ვინათხოვრე
ყველაზე დიდი და სევდიანი
უსიყვარულო ცის სიმარტოვე.


მარიამ წიკლაური
---


მოვალ...
უძილობა უნდა ჩაგინესტო სულში...
და გითხრა რომ... მართლა მენატრები
ვიცი გეძინება... როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები,
მოვალ...
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი, კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით,
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს,
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან,
იქნებ..
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა,
მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო,
უნდა გაგაღვიძო, ძილი გადაგიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო,
მინდა..
ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო
სისხლად დაწრეტილი, ტკივილის ტარებით
შენი უცნაური მზერა დავიჩემო,
სახლად გადავიქცე შენი წამწამების
მოვალ...
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ
შენ კადრად დამიწყე და... მე ფილმად დავმთავრდები.


თეკლე ბატონიშვილი
---
+ -
+6
ლექსების კრებული


შავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი,
სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი,
მრჩობლად მხედნი, მით ერთითა პირითა
მათებურად სალ გულთ ამატკინავნი, -

გაზაფხულის შემოსლვისა მხმობელნი,
ია-ვარდ-ზამბახთა მახარობელნი,
სხვა ყვავილთა და სხვა ამბავთ მთხრობელნი,
შავ-ხავედ მოსილნი, ქუფრად მბზინავნი, -

ერთი ერთის მიმდევარნი, ერთ-პირნი,
ორნი ერთის შესაპყრობლად მომბირნი,
საშიშარად შარას თვალ-შემაჭვირნი,
ხან მომკვლელ, ხან მომწყლვლელ, ხანცა მლხინავნი, -

შემოკერბით, მოდით, ვნახოთ, ვინ არნი,
ორნი ტოლნი შავ-მოსვითა მჩინარნი,
არ მოწყენით მომღერალნი, მღიმარნი,
ყარიბისა ცრემლის დამადინარნი!
+ -
+8
ტანო ტატანო


ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!
---

ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
სულით ქებულო, შეგნებულო, სადა გყავს დარი?
ჩემს სხვა ცემული, გულმოკლული, შორს განიგარი!
ტანო ალვაო, მატს ხალვაო, მაქვს სანუკვარი,
სევდა და სენი, მომიხსენი რა საუბარი.
მე სხივცემული, გულმოწყლული, შორს განიგარი!

სასური მზისა, სინაზისა, შემესმა ხმანი,
მე მსურდა თავათ, გავხდი ავათ, უწყალო ყრმანი,
ვარ მისთვის ხელი, მომნახველი ვარ ჟამიანი.
ტრფიალსა გულსა, სულწასულსა, ბედი და თქმანი,
ვერ ვპოვე მახე, ჩემი დღენი არს შესაზარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

ვიხილე სახე, ვივახვახე მისთვის ხელია,
თმა სათ-გიშერი, მშვენიერი მინა ყელია,
ორნი ობოლნი, ნაზად მწოლნი, ბროლის ველია,
მან მიდო შური, დასაბკური ცრემლი ცხელია.
სევდის ჟამი ვსვი, გულ დავისვი ეკალთა ნარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

მინახამს წელი ჩემთვის მწველი მარად ჟამსადა,
არა მაქვს ცნობა უშენობა მე ერთ წამსადა,
მთიებს რა იღებ, სულს გავიღებ შენთვის ქრთამსადა.
მელნის ტბა იშრობს, არ შეიშრობს თვალთა ნამსადა,
მახეს აწვები, მაქვს ღაწვები ცრემლით ნაღარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

ბესარიონ ვსთქვი, ვერ გამოვსთქვი მნათობის ქება,
მედება ალი, გულსა ბრჭალი, არა მაქვს შვება,
ასე უარი, მატყუარი, არ დამრთო ნება.
წამ-წამ მახვილი, გარს სახმილი მისთვის მედება,
მოყვარე, მტერნო, გბრალდეთ ერნო, მაქვს საჩივარი!
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
---

მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბსა მიჯნურსა მაქვს სავალალო.

ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირს აროს,
შენნი უწყალო ჰინდ-ლაშქარნი გარ-შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!

როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი!
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის, ყმაა თუ ბერი!
რა გიამების, არვინ იცის, ვსცან ვერა ვერი!
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!

ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვილი,
მზისა სიცხოვლე მირასჭირდეს, შექმნას ურვილი!
ვა ჩემსა ბედსა! იცი მე ვარ სულ-მიწურვილი;
მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი?
ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!

მე შენმა თვალმა გარდამბირა, როს გნახე მთვარე;
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე;
შენის ბაგისა ორნი მეცნეს: ტკბილი და მწარე;
ორ-კეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე!
შენი ბესიკი რად დამაგდენ, შეუბრალალო!
---
+ -
+11
ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 11



სხვების გვერდითაც მარტო იყო, როცა ენება.
როგორ ნატრობდა სხვასთან ყოფნას და დაწყვილებას...
ახლა იხსენებს “მე”-ს უდიდეს გამოცდილებას
და მარტოობას ცნობს ერთადერთ ბედნიერებად.

იღვიძებ. დგები. დილას, უცხოს, აცილებ ზღუდეს.
ირგვლივ მოწყალე სიჩუმეა, პირშებურვილი,
შენს პირველ მზერას არ ეხლება უცხო სურვილი,
მაგ შენს სურვილთან შეერთება კიდეც რომ სურდეს.

დაგცდება სიტყვა - ხმას გამოსცემ მჟღერსა და ამოს.
გულს მოუსმენ და... “ბარაქალა!” - გინდა, რომ უთხრა.
ამოისუნთქავ - შენ გემონვის ისევე სუნთქვა.
თვალს გაახელ და... მზერა მზისკენ გაფრენას ლამობს.

შენ შეეჩვიე ყოველივეს მორიგ დღესავით -
და, შესაძლოა, ფიქრის ღირსად არც ჩაგეთვალა,
მაგრამ დღეს მართლაც სხვანაირად იგრძენ ქვეყანა,
რადგან ნამდვილი საოცრება სწორედ ეს არის.

ნუთუ, ამ გზაზე ეს პატარა ბუჩქი არ მდგარა
სხვა სურვილებში, სხვა კანონში ანდა სხვა “მე”-ში?
ნუთუ, გუშინ არ ნეტარებდა სხვა სიმწვანეში?
ნუთუ, ზამთარიც გასულა და თოვლიც დამდნარა?

შენ მას უეცრად აღმოაჩენ და გტოვებს იჭვი,
ეფერები და მის რტოებთან გინდება შერთვა...
ამ ციცქნა ბუჩქში გაგიღიმა, თითქოსდა, ღმერთმა
და გისახსოვრა მარტოობის მოწყალე ნიჭი!

გახსოვს, მდუმარეს, მრისხანედ რომ მოსთხოვე შველა,
ითხოვდი, დღეს რაც გერგებოდა და არა - ხვალ-ზეგ...
ხედავ, ბუჩქიდან გამოსულა, გეხება მხარზე
და მის გარშემო ანგელოზი დაფრინავს ყველა.

დაწყევლილ გრძნობებს სათნოების სინათლე რკალავს,
სისავსეს ჰმატებს ფერდაკარგულ სტრიქონებს, მწარეს,
მერე კი, თავის ზედროულ და წარუვალ ბწკარებს
იმ ხელს მიანდობს, ამ წუთშიც რომ აწვალებს კალამს.

-
ანტონ ვილდგანსი

თარგმანი გერმანულიდან - გია ჯოხაძე
---

გაზაფხულის პირველი დღე
-

რაღაცა ჰქონდა იმ ქარს და წვიმას,
ჯერ განუცდელი და იდუმალი
მთვარეც მაძლევდა რაღაცის იმედს,
მორიდებული, როგორც სტუმარი.

მართლაც კეთილი აღმოჩნდა ბოლო
და მოვაღწიე დანიშნულ ადგილს,
თუმცა ხელებზე ცეცხლის და ბოლის
და ფერფლის მძაფრი სურნელი ამდის.

და ახლა, როცა ახლოა უკვე
სახლიც და ყველა ნაცნობი სახეც,
გადაჩვეული სითბო და შუქი
ნატკენ თვალივით ნელ-ნელა მახელს.

და რასაც ვხედავ, პირველად ვხედავ,
არ არსებობდა თითქოს აქამდე
არც გზა, რომელიც გვირაბში შედის,
არც ხე, რომელიც უნდა აყვავდეს.

უნდა აყვავდეს, რომ კიდევ ერთხელ
გათბეს, გაბრუვდეს და გათამამდეს
და დაუბრუნოს ხალისი ჩიტებს,
ვიდრე ბუნება დათვლის სამამდე .

მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი
ჩემს დაღლილ ხელზე შემთხვევით იდო,
შეცდომით იდო და ნელა-ნელა
თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.

მეც თვითონ მივხვდი, მივხვდი და ვყვები,
რომ დღევანდელი დასრულდეს დღესვე,
ანდა რა უნდა მოსთხოვო ვნებებს,
რომლებმაც ყველა სასმისი შესვეს.

შესვეს და დათვრნენ და კვლავ გონიათ,
რომ პირვანდელი ძალით ღელავენ
მე კი ვერაფრით ვერ მიპოვია
სიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს.

ოთარ ჭილაძე
---

გაზაფხულია, რამე ინატრე,
განა ყოველთვის გაგაწბილებენ,
განა ყოველთვის ცას და სინათლეს
თვალახვეული ანაწილებენ...

ხედავ? იებმა გადაგირბინეს,
შეგაბეს ყელზე ლურჯი ეჟვნები...

აწი საითაც უნდა გაფრინდე,
შენ არავისში არ შემეშლები.

(ნოდარ ადეიშვილი)
+ -
+1
ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 10


თეთრი არის შენი ფერი
-

თეთრი არის შენი ფერი
ლურჯი უფრო მისი არის -
უშენობა უშენობის
ფერად ტკივილს მიზიარებს...

გადმოდგება ცაზე მთვარე
და მნათობთა გაშლის ფარას,
ვერ გავუძლებ ხვალღამ უკვე
ვარსკვლავთცვენას ამისთანას...

ძალას იკრებს შემოდგომა,
მზეჩამდნარი ქარვით მათრობს,
ეს სითბო და სილამაზე
მენანება ჩემთვის მარტო.

ასგზის მტკივა უშენობა,
დაგივიწყო, ვცდილობ ზოგჯერ,
მერე ისევ ერთსიტყვიან
წერილებს და ლექსებს მოგწერ...
მო-მე-ნატ-რე...

---

შენი სახელი, როგორც ლოლუა
შუა ზაფხულში... ან როგორც ხვატი
შუა ზამთარში... საბოლოოა!
დაწდა სათქმელი, დაიმსხვრა ხატი.

მოიგრაგნება ალვების მწკრივი,
ვით წარღვნის ტალღა უზარმაზარი,
მიწა მყიფეა, ჰაერი მკვრივი,
საგანთა შორის არ დევს საზღვარი...

და მეორდება ისევ ის დილა,
ისევ იმგვარად ცივი და მკაცრი,
რომ შენი სული, ვით ღრუბლის ფთილა,
ჩამოატაროს ალვების გასწვრივ.

ოთარ ჭილაძე
---

ჩემი ლამაზი სიზმრების წილ, შენი გოდება,
ჩემი ლამაზი სიცოცხლის წილ - შავი სიკვდილი,
ძვირფასო, შენი ღიმილი რომ მომაგონდება,
გარდასულ დღეებს, ჩემს სიცოცხლეს მწარედ მივტირი.

მე მოვკვდი, რა ვქნა შემეყარა ოხერი სენი,
მკვდარს სავსე მთვარემ დამაფარა ბნელი მანტია,
ძვირფასო ჩემი წარსული და ჩემი ლექსები,
აბა მათ მეტი ქვეყანაზე რა მაბადია.

მე მოვკვდი გუშინ, თუ გუშინწინ, დავშთე ცხოვრება,
მე მოვკვდი, ალბათ დაბადებაც იყო უაზრო,
ჩემი სახელი თუ ოდნავაც გემახსოვრება,
სასუფეველში ანგელოზებს შენზე ვუამბობ.

გიორგი არაბული
---

ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, -
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს.
და გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს,
ეჭვს და სიძულვილს, სიყვარულს, წლებს,
უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა,
რატომღაც მარტო დარჩენა გსურს,
რატომღაც გინდა, წახვიდე სადღაც,
გაექცე ნდობას, ზეიმ-ზარს, შურს...
საქმიან კაცის თვინიერ ნიღბით
ქალაქს ტოვებ და მიდიხარ სოფლად,
მერე სოფლიდან მირბიხარ მთებში,
თახვის თათებით შედიხარ ტყეში,
შედიხარ ტყეში, უსიერ ტყეში,
უკაცურ ტყეში შედიხარ მშვიდად
და, რომ გგონია,
მარტო ხარ თითქოს, _
ხე რომ ხე არის,
ხე ენას იდგამს,
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს.
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს,
ყველაფრისათვის,
რაც ჰქმენ, რაც იყავ,
რაც არ იყავ ან რაც აიტანე...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს
და... უბრუნდები ადამიანებს.

მორის ფოცხიშვილი
+ -
+5
ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 9


-
ჯერ გაზაფხული არც შემოსულა


ჯერ გაზაფხული არც შემოსულა.
ლარნაკში დამჭკნარ შარშანდელ იას
დაუკოცნელი მარტის დღეების
სევდა ლაჟვარდში ფარფატით მიაქვს.

ჯერ გაზაფხული არც შემოსულა,
ნაადრევია ეს მონატრებაც.
ყოჩივარდების კრიალოსანი
ჩამოიმარცვლა ჯვრის მონასტერმა.

მზე ერთხელ კიდევ მოილოგინებს.
ია, გამხმარი ფოთლების ჩვრებში,
უშვილო მდიდრის კარზე მიგდებულ
ჩვილივით მოგთხოვს აყვანას ხელში.

ქარი კი მიქრის. შედედებული
ნისლით ამოვსილ ხევ-ხუვებს ლოკავს.
საით წაიღებს ჩემს გაზაფხულებს -
იით მოქარგულ უფურცლავ ლოცვანს?

მარიამ წიკლაური
-

- - -
პირველი ღამე


ის იყო თითქმის სულ მთლად გახდილი
და ეს რომ ნახეს ხეებმა ალვის,
ვიქნები თქვენთან მე გულახდილი
შემოამტვრიეს ფანჯრები ლამის.

თან დაუდევრად სკამზე შემოჯდა
ხელებგაშლილი, პატარა, ცელქი
და იატაკზე ნდომისგან თრთოდა
ორი პატარ ლამაზი ტერფი.

პეპელასავით დაფარფატებდა,
მის გაღიმებულ თვალებში სხივი
და რადგან ღიმილს ვერას მატებდა
მკერდზე ჩამოჯდა, ნახა ყვავილი.

როცა დავკოცნე ფეხის თითები
სიცილი რბილი, შეცვალა მკაცრით.
თითქოს ფაფუკი თოვლის ფიფქები
მყის შეიცვალა კრისტალით ბასრით.

ფეხები შერგო პერანგში ღამის
",ეგებ გაჩერდეთ, ჩემო ბატონო"?!
ჩაიკისკისა, დამცინა ლამის
ამდენს მიბედავ ნეტავ რატომო?!

აკანკალებდა მას ჩემი კოცნა
და როცა ნაზად დავკოცნე თვალი,
ჩაიჩურჩულა"რად არ გსურთ მოცდა?"
გადააქნია კეკლუცად თავი.

"მინდა რომ გითხრათ სულ ორი სიტყვა"!
მე კი ვკოცნიდი, მოცდა სად არის?!
სიტყვა იმ ღამეს საკმაოდ ითქვა,
სიყვარულისთვის მივხვდი, მზად არის!

ის იყო თითქმის სულ მთლად გახდილი
და ეს რომ ნახეს ხეებმა ალვის
ვიქნები თქვენთან მე გულახდილი
შემოამტვრიეს ფანჯრები ლამის


არტურ რემბო

თარგმანი ფრანგულიდან - ბესო ხომერიკი
-

- - -
მე გჩუქნი თვალებს

მე გჩუქნი ჩემს თბილ, თაფლისფერ თვალებს,
დღეს სულ ერთია ჩემთვის ვინა ხარ,
მე თვალებს გჩუქნი,
ეს იმას ნიშნავს,
რომ თვალს აახელ და დამინახავ.
რადგან ვხედავდი მთელი ქვეყანა
მუდმივად კვალში მედგა მუქარით,
მე თვალებს გჩუქნი,
ნუ გიხარია,
შეჩვენებაა ეს საჩუქარი.
თვალებში მთელი სამყარო მოჩანს
და ის გეყოფა ფიქრად თუ დარდად,
გქონდეს თვალები და ამ თვალებით
ყველას ხედავდე იმ ერთის გარდა.
მე გჩუქნი კეთილს, ნაღვლიან თვალებს,
ვით იის ანდა ენძელის კონას,
შენ ჯერ ვერ ხედავ, რომ ამ თვალთაგან
უკანასკნელი ცრემლები ჟონავს.
დიდი და უხვი სინათლის ნაცვლად
დამრჩება ორი ბნელი ფუღურო,
ნუ გიხარია,
შენ ამ თვალებით
ხვალ ბრმა ქვეყანას უნდა უყურო...

გიორგი ლობჟანიძე
+ -
+1


აანთეთ ჩქარა შუშხუნები და მაშხალები.

• • •
გაშალეთ სუფრა, გადმოჰფინეთ ბანზე ხალები
უთხარით ლოთებს, რომ აკურთხა მღვდელმა ალავი,
რომ სიძეს მისცეს ფალუსტაკი დაუხალავი,
რომ მზითვის ბიჭებს ჩამოართვეს ტაშტი და სარკე.

ხოლო თუ დღეს აქ რომელიმე გადგება ცალკე,
თუ დღეს არავინ არ გადიქცა ჩემებრ ქორწილად -
მას აზამბარი მივუსაჯოთ კიდევ ორწილად,
რომ წითელ ვაშლში არ მალავდეს თეთრ უზალთუნებს.

აი, გამოჰყავთ პატარძალი ლამაზ ხათუნებს,
ის ნეგოსავით უმძრახია,მზესავით ღია
და თუმც მის ბეჭებს არ ამშვენებს ქალაღაია
და რაც სახე აქვს თეთრი ხრილით გადაფქვილული-

მაგრამ ის მგოსანს თვით სიზმარშიც არ ჰყავს ხილული.
ისე კრძალულობს ცის ნინველა, აქ დანაბადი,
თითქოს მის ტუჩებს არ ეგემოს აღჯანაბადი,
თითქოს ღიმილით მზის ჭრილობა არც კი განკურნა!

და ეჯიბი კი სულ ღრიალებს: “სად არი ზურნა!
ღვინო და ზურნა! სხვა დღეს მეფეს არ უნდა რა!
ბანზედ: ხან თარფი, ხან შაბაში, ხან უზუნდარა,
ქვეშ კი მწვადისთვის აშიშინდა ცეცხლის მაყალი.

გათენდა! მისწყდა ჟრიამული, აყალმაყალი,
ქვიშისფერ მელნით აიწინწკლა აისი ნაზი.
დუდუკმა ბანზე ერთხელ კიდევ დაჰკრა შაჰნაზი.
და ,,მშვიდი ღამე” კვლავ უსურვეს ნეფეს და ცოლსა .

და როცა მეფემ მიაშურა თავის საწოლსა -
პატარძალს მხოლოდ ეს აღმოხდა: ,,ახ, აქ რა გვინდა!,,
მაგრამ მყის ტუჩი პატარძლისა კოცნით აღვინდა
და გაიფანტა მარგალიტი ბადახშეული
საბნის ნაოჭში დაიმალა მათი სხეული

იოსებ გრიშაშვილი
-

მე მივსდევ შენს ხმას, ცათაფრენად რომელიც მიხმობს,
მე ვუსმენ შენს ხმას, იდუმალსა რომელიც მითხრობს,
მე ვიღებ იმ მსხვერპლს, რას სამსხვერპლო შენივე ითხოვს,
შენივე მწუხრით ავივსები, ესოდენ წრფელი...
ო, შენ მარადის მომეახლე სხივთა კანკალით,
თან დაგიმარხავს, როგორც მარგალიტს,
ჩემი გულის მდუმარე ფსკერი.

ანა კალანდაძე
-

ისე მითხარით:
-გთხოვთ, შეიმოსოთ!
და მომაწოდეთ ერთფეროვანი პატიოსნების
მოსაწყენი გრძელი ლაბადა,
თითქოს გუშინ თავად არ მხდიდით...
საოცარია, განა გუშინ თავად არ მხდიდით
გულმოდგინებით, ნება-ნება და ნეტარებით,
როგორც პატარძალს საქორწილო ქათქათა ფატას?..
მე კი სულელემა, გულწრფელობამდე გაშიშვლებულმა
კაბის მაგივრად გადაგიკიდეთ შირმაზე ლექსი -
როგორც ცოდვილი პატიოსნება
და ხორცის ნაცვლად
შემოგწირეთ ზვარაკად ღმერთი -
ათი მცნება,
ცხრა ნეტარება...
სემირამიდას დაკიდებულ ბაღში გავცვალე
სამოთხის ბაღი
და ჩადრის ნაცვლად ავიფარე
თქვენი თვალების უტიფარი, თავხედი მზერა...
ისე გავცვალე ეგვიპტეზე აღქმული მიწა,
არც მინანია...
რამ დაგაბნიათ,
მზით ფერდაკრული ხორცის სიშიშვლემ,
თუ სითამამემ?!
ჩემი არსების კვლავშემოსვა
რად განიზრახეთ,
განა გუშინ თავად არ მხდიდით?!


ქეთი დიდიშვილი

-

თქვენ ღვინოს ნუ სვამთ სხვა თასიდან, უარი თასებს!
უარი ყველას... სიყვარული ერთს ათასიდან.
ვინც უკვდავებას, როგორც ხვითოს, ქვეყნად აფასებს,
დალიეთ ღვინო ჩემი თასიდან.
ვულკანის ტკივილს სიყვარული ვინც შეავედროს,
ვისაც სურს ღამის ნაოჭებში ცამ გაუღიმოს,
დალიეთ სისხლი ამ თასიდან უალავერდოდ,
ჩემი თასიდან დალიეთ ღვინო.

მირზა გელოვანი
-

ყაყაჩოებმა დამხანძრეს,
გულს ვერ ვიჩერებ საგულეს,
ატმისფერ კაბას ვნატრულობ
და ცვარს ალმასის საყურედ...

თითზე მზის სხივებს ვინატრი,
შენთვის თქმულ ფიცად მეფინოს,
ტყუპად ბექას და ირაკლის,
მერე აპრილში ქეთინოს...

იყვნენ ძალიან ჯიუტი,
ცელქი და თანაც ჭკვიანი,
მე უნდა მგავდნენ ბიჭები,
შენ გოგო - თვალებმზიანი.

ვნატრობ, შენც გწვავდეს აპრილი,
შორეთში, ცხრამთის გადაღმა,
დამიფრთიანდეს ფიქრები,
მარჩიო ყველა ლამაზმანს.

თორემ ისეთი რა მოხდა,
შემხსნია ძოწის ღილკილო,
ბავშვობის ნატვრა წამომცდა,
ღმერთმა სიკეთით მისმინოს.

თეთრმა ოცნებამ დამთოვა,
ყაყაჩოებმა დამხანძრეს,
შენ თუ არ მოხვალ, სხვა მოვა,
მოვა და... ჩემს თავს წაგართმევს!

სანათას წიგნი

-

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
- მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...

ანა კალანდაძე
-

ამ ცხოვრებიდან (ისიც მცირე და უმნიშვნელო)
სიცარიელე გამომაქვს მხოლოდ. გნებავთ, იმ მცირე
სიცარიელეს ყალბი იმედის ვარდისფერი ბურუსით
ვავსებ (რაღა თქმა უნდა, ჩემზე უფრო ღატაკებისთვის)
და სულერთია, გაღიზიანებთ თუ გახალისებთ
ჩემი ლაჩრულად ომახიან ხმის გაგონება...
საწოლებიდან წამოცვენილნი, კართან მახვედრებთ
ჭირისა თუ ლხინის სუფრაზე ბოლო წვეთამდე ამოწოვილ,
ამომშრალ ბოთლებს, თუ კიდევ უფრო
ღრმად მიძვრებით ბალიშების ქვეშ, როგორც ხვლიკები –
ლოდების ქვეშ, როცა ლოდებზე საეჭვო ჩრდილი
გადაივლის მოულოდნელად... ასე რომ,
ვიდრე სული მიდგას და ვიდრე ვუძლებ უსასოობას,
უძილობას, შიმშილს, სიცივეს... ვიდრე მათხოვრის
მოკრძალებით და მოთმინებით, ცარიელ ბოთლის
მოლოდინში კარის წინ ვდგავარ, ანდა, პირიქით –
ვიდრე ჩემი ხმის გაგონებას სუნთქვაშეკრული ელოდება
ჩემზე ღატაკი და ცარიელ ბოთლს (სულერთია,
არყის თუ ღვინის) გულში იხუტებს მკვდრადშობილი
ჩვილის გვამივით (რათა ათ თეთრში გამიცვალოს),
ხელს ვერ ავიღებ მე ამ საქმეზე და ყოველ დილით
ისევ ლაჩრული სიმტკიცითა და შეუპოვრობით გაგიმეორებთ:
ბოთლებს, ბოთლებს ვიბარებ–მეთქი...

ოთარ ჭილაძე
+ -
+6


-
ღამეში

შევთვრებით მე და შენ და მთვარე სუფრასთან
გვაჩუქებს ვარსკვლავებს ნაცნობი ღამიდან
და თუ არ გვაჩუქებს, და თუ არც გვაშუქებს
არ მაგას ვიდარდებთ, ან მეტი რა გვინდა?!

ახლიდან დავთვრებით ახალი ფერებით,
ფერება, ოცნება, კოცონი და მთვარე,
მეყოფა საკოცნად ეგ შენი ხელები,
დავთვრებით, ვისურვებთ ღამე არ დამთავრდეს.

მთვარე კი ჩვენს თავზე ხანდახან სამია,
ვარსკვლავთა ღრიჭოდან გვიმზერენ ღმერთები.
ყველანი თავ-თავის ალაგზე არიან,
შენ ჩემით, მაგ შენი თვალებით - მე ვთვრები.


ლევან ქერდიყოშვილი
-
+ -
+4
:success:

მარტოობას არა აქვს სუნი,
მაგრამ მაინც გამუდმებით მეჩვენება, რომ
მისი სუნი ამდის -
იასამნის სუნი...
მარტოობას არა ქვს გემო,
მაგრამ მაინც გამუდმებით მეჩვენება, რომ
ტუჩებზე მისი გემო მაცხია -
ახალდამწიფებული მტევანივით მომჟავო...…
მარტოობას არც ფერი აქვს,
მაგრამ ჩემთვის ის მაინც ლურჯია...
არ მეშინია მარტოობის...


- თამარ რუხაძე
======

არც იშვიათად,
არც ისე ხშირად,
არც ისე ადრე,
არც ისე გვიან,
ულამაზესი გოგო ქალაქის
გამოჩნდებოდა მთავარ ქუჩაზე.
მაგნიტოფონის ლენტივით უცებ
წყდებოდა ფიქრი და ლაპარაკი.
მოედებოდა ქუჩებს ჩურჩული
– ულამაზესი გოგო ქალაქის...
არც იშვიათად ასეც ხდებოდა,
გოგო ვიღაცას ესალმებოდა
– ეს გაუმარჯოს ლოდინს და იმედს
და გულუბრყვილო ბუნებას, კაცთა.
მან გაიარა და გამიღიმა
და დარდი ჩემი, თოვლივით გადნა.
ეს იყო წინათ:
არც ისე ხშირად,
არც ისე ადრე,
არც ისე გვიან,
ულამაზესი გოგო ქალაქის
გამოჩნდებოდა მთავარ ქუჩაზე.
და როგორ მოხდა არ ვიცი ბოლოს,
როს გახევებულ ბიჭების თვალწინ
გაუჩინარდა საღამოს ბინდში,
ულამაზესი გოგო ქალაქის.
ლაპარაკი და ჩურჩული მიწყდა,
ასე დასრულდა ერთი არაკიც,
– ბედნიერია, ვინც დაივიწყა,
ულამაზესი გოგო ქალაქის.


- ბიძინა მინდაძე
=====

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up