sitename
ანა კალანდაძის ლექსების კრებული
01.01.2013 97 649 0 მიშო

ანა კალანდაძის ლექსების კრებული

პოეზია
რჩეულებში
ანა კალანდაძის ლექსების კრებული


არაბი ხარ?

დგახარ ქუჩის განაპირას,
ვარდებს ჰყიდი...
- ჩემო კარგო,
არაბი ხარ?
- იეზიდი...
როგორც ია
თავდახრილი ბუჩქის ძირას,
მორცხვი ხარ და
როგორ გშვენის კდემა დიდი...
- თქვი, შავთვალავ,
არაბი ხარ?
- იეზიდი...

კვლავ ნათლის სვეტად!


წმინდაა თქვენი გამოცხადება, -
შუაღამისას მწვერვალზე მდგარნი
თვალს მოავლებდით
ღვთისმშობლის მხარეს,
მის დასახსნელად გქონდათ მზადება!
გაურკვევლობით დაღლილ ქვეყანას
კვლავ მძიმე ხვედრი წილად რგებოდა...
ანუგეშებდით, რომ წყვდიადიდან
კვლავ ნათლის სვეტად წამოდგებოდა!


ყოფილა ის დროც


ყოფილა ის დროც
(კვლავ ცასა ვვედრებ!), -
საერთო ენა ჰქონია ქართლსა,
ერთს ვფიცულობდით
ქართველნი ხატსა,
მანც მოგვიყვანა
დღევანდელ დღემდე!!


ფეხი დამადგით


ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლის მპყრობელმან
ვისურვე, დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
– ასეთი ცოდვა რა გაქვს, მეფეო,
მიუტევები?
ღირსმსახურობდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი „ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“…
თუ, ეს მართალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სული სიმშვიდის, სული სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
– გულზე დამადგით, ფეხი დამადგით
გულზე ყოველთა…

ბოშა ქალი

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...

რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...

ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...

შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...

მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,

ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...

ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:

- მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..

ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,

განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?

მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი

სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...

მე ლამაზი მეგობარი მყავდა

მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
ღრუბლებს გაჰყვა... სად ვეძებო, სადა?
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით.


პაწაწინა რტო ვარ

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

რეკენ ზარები...


რეკენ ზარები,რეკენ...
სიზმარია თუ ცხადი?
დაესვენება ჩემს წინ
დიდი თამარის ხატი...
რიდით შეარხევს ქარი
დროშას მაღალის კალთას...
- ბეთანიისკენ! - იგი
კვლავ მიუთითებს სპათა...

საით არიან შალვა,ბიძინა და ელიზბარი?..

საით არიან შალვა,ბიძინა
და ელიზბარი?
მტერს საით ჩეხავს მარად ძლიერი
იმათი ხმალი?
მძიმედ იღება და იხურება
საყდრის კარები...
დარბაისლური სიჩუმით დუმან
ერისთავები...
ქართველნო, ჩვენი ის სამი გმირი,
ვის წინ თავს ვიხრით,
სპარსეთისაკენ პირმიქცეულა
ბებერი ციხით:
ეჭვს ხომ არ იღებს, ცუდს ხომ არა გრძნობს
ცბიერი შაჰი,
რომ... აჯანყების ცეცხლი მოიცავს
ბობოქარ კახეთს?
დაუმცხრალია და ამაყია
შურისძიება -
აზვირთებული გადაერევა
მტერთა ლაშქარში...
ამ სამი გმირის წმიდათაწმიდა
ხსოვნად კაშკაშებს,
იკორთის მთაზე რომ გადმომდგარა
ჯიღად მთიები!

შენ ისე ღრმა ხარ..


შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…


ასეთი დარი თუ იყო მაშინ?


მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან...
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა...
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?


ბეთანიის გზაზე


ასკილი, მოცხარი, მოცვი...
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს... ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...
მივდივართ, მივდივართ, ცივი
სექტემბრის ქარები ქრიან...
სველ გზებზე წაბლის და იფნის
და მუხის ფოთლების ყრია...
მოვედით სამადლოს ხევთან...
ნისლებში დანთქმულა ისიც...
მე მინდა... სულ ვიყო შენთან,
როგორც ეს მთები და ნისლი!
ასკილი, მოცხარი, მოცვი,
გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
აღარ წვიმს, ლამაზი მხრები
გაშალეს ლამაზმა მთებმა...


ბროწეულები


მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!





ბრძოლით ბრუნდება ლაშქარი


ვინ შეაცდინა ეშმაკმა?
ვინ გმო სახელი უფლისა?
ვინ გაბედაო მეფისთვის...
კარავთან
ტყორცნა შუბისა?
დაგვირჩა მეფე დავითი,
დიდია უფლის სახელი!
წყაროსთან პური გატეხეს,
თან... მოისინჯეს ნახმლევი...
ელღაზის ჯარი აოტეს,
„სალამ უბარეს შორითა“:
ყველამ წერილი წაიღო,
ვინც ჩვენთან მტრობით მოვიდა!
დიდია უფლის სახელი
სასწორ-სამართლის მქონები...
ჩრდილში დამსხდარან ვაჟები,
ტანთ გაუხდიათ თორები.




ვერ წაიღეს, ვერა!


მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა...
ბუბუნებდა კავკასიის მიწა...
სამშობლოის ცას სცოდნია გაშლა ლურჯად...
ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს...
კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა?
გავზარდეო, იტყვის ქართვლის დედა!
ცეცხლმა დაწვა ცა მწვერვალზე დანაფერდი,
მზე რომ გადიწვერა...
მერე რა, თუ... სუნთქვას შეწყვეტს ფართე მკერდი?
ვერ წაიღეს, ვერა!
ეს კი არა, მას აცვიფრებს მხოლოდ ერთი, -
უტირია ლამაზ ფერაფერას?
პაწაწინავ, მე გავწირე თავი შენთვის,
ჩვენი მიწა ვერ წაიღეს, ვერა!
ფერაფერას თავი მასთან დაუხრია,
მის დაცხრილულ, მის სისხლიან მკერდთან...
ფერაფერა ჩასჩურჩულებს დაჭრილ მხედარს:
დაგდომია მზე შარავანდედად!
მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
უსათუოდ სამადლობელს ღაღადებდა
საქართველოს მადლიანი მიწა...




„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი


ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო

მოჰყავთ შუშანიკი...


მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული…
ფოთოლნი ტირიან ოქროსფერისანი…
ნისლებს ეფარება ცაი დიდებული,
ქარმა შეარხია რტოი ძეწნისაი.
მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი,
თვალთა სხივი მოწყდა ელვარებისაი…
ტირიან, მოთქვამენ „დედანი ზეპურნი“,
ტირიან ყვავილნი ცხარედ ველისანი…
მარტვილს მოაცილებს ქარი მგლოვიარე,
კრძალვით კარს უღებენ ძალნი ზეცისანი…
როს, „ვითარცა ცოფი, ბდღუენდა პიტიახში“,
ქარმა გადახარა რტოი ძეწნისაი…
- ილოცვიდეთ ჩემთვის! -
უთხრა მტირალ ხალხსა…
ხენი თავებს ხრიან ძაძით შენამკობნი…
მოკვდა შუშანიკი თთუესა სთულისასა
და ცხოვრებას მისას წერდა იაკობი…


(ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა...)

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა,
წამო ჩემთან!
უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა! –
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა...
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა.




თქვი, ჭიამარია!


ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარიას
ვუმზერ ჩემს მუხლებზე
დაჩოქილს მუხლებით,
ყვავილის სადარს...
რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,
გეძინა სადა?
თქვი, ჭიამარია, სით მიგიხარია?
თქვი ჭიამარია!
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
დავდივარ ბაღში, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარია,
ვინ იცის, სად არის?..

ლოცულობს გველი

გასრიალდება ხევში ზმორებით
ტანმოხატული უცხო ზოლებით
მუხლებს მოიყრის და შიშის მგვრელი
ლოცულობს გველი...
ალბათ,ცოდვილ სულს ავედრებსა ღმერთსა,
რომ იდუმალებს,
სევდიან თვალებს
მიაპყრობს ზეცას,
ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით...
გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი
შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი
და შიშის მგვრელი
ლოცულობს გველი...
ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა,
ნაიდუმალებს
როს მზეს აჩვენებს დაწინწკნულ ტანს და
სევდიან თვალებს?
ტყის ბანოვანი ზანტი ზმორებით,
ტანმოხატული უცხო ზოლებით
მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი
ხელში დაირით
ველებს დაივლის
და უზუნდარას იცეკვებს გველი...



მოდიოდა ნინო მთებით

„ხოლო მე დავშთი ეკალთა შინა ვარდისათა,
რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა“.
ნინო

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება
არჩილ სულაკაური - დედა
არჩილ სულაკაური - დედა
არჩილ სულაკაური - დედა
10.10.14 ბიბლიოთეკა / პოეზია / ლექსები დედაზე
მოველ, ალერსი რომ კვლავ მეგემა, შენი ღიმილით დამხვდა ზაფხული, ძველი ოცნება შემომეგება შენს ღრმა თვალებში შემონახული.
ლექსების კრებული
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები, საათი დარეკს, და ისიც მოვა. გამიფრინდება ბავშვობის წლები, მოვა ზაფხული და შემოდგომა. შემოდგომაზე დავხატავ სურათს და მე ეს ტილო
ტანო ტატანო
ტანო ტატანო
ტანო ტატანო
03.03.12 პოეზია
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
„სიყვარული ვენახში“
ზანტი ზმორებით ვენახში,ღამე ვნებას ვერ ასვენებს, თვალებგანაბული ჭის კარის ქუთუთოს გახრწნაც კი იწამა. ხეს ტანზე შემოახია,ნუშით მოჩითული სამოსი მერე თავთუხების
ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 5
არა მინდა რა, მილხინს თუ მიჭირს, არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით, ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი, მონანიების და პატიების. ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება და სიყვარული ღვთით
ლექსების კრებული
დაკარგული ედემი ვის უნახავს ის ედემი შლილი, სადაც ისე ტკბილი არ არის ტკბილი, როგორც ტკბილია გამოღვიძება, სადაც ბუნების თავისუფლება,
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.