+ -
+6
და გეფიცები სიყვარული თურმე არ კვდება


ყველა შენს ფოტოს დავიდებდი სასთუმალს ახლოს,
რომ არ მახსოვდეს შენი სახის ცბიერი ტოკვა,
შენი ცხოვრება ახლა თავზე ყინულად მათოვს
და მე არ მესმის სიყვარულის, თითქოს რომ მოკვდა...
აწი ვერასდროს ვერ გავიგებ შენი გულიდან
ამომშალე თუ დამიტოვე როგორც წარსული,
შენი ხელების სითბოს ახლა,ალბათ სხვა სინჯავს
მე კი მაჯებზე გულისცემას მიხშობს ავსული.
და საჯიხვეებს, სადაც ახლა მხოლოდ ნისლია,
გადაჩეხილი სამყაროა,ეს სისხლის ფასად
რამდენჯერ ჩემთვის ტყვია გულში ისე გისვრია
არ მეგულება მე ასეთი ნასროლი არსად..
და გეფიცები სიყვარული თურმე არ კვდება,
იგი უბრალოდ ნაჭრილობევს ძნელად იშუშებს,
ცრემლით ილოკავს ნატყვიარებს,წარსულს აკვდება
და გეფიცები ერთი დღეც და მალე იქუხებს.
და ეს ერთი დღეც მაპატიე უშენოდ თქმული,
ჩემში ღელვაა ტკივილების,ყინვების გროვა,
თუ კი ოდესმე კვლავ დამკარგე,თუნდაც ფიქრებით
სხვა სიყვარული,ასე ძლიერ არასდროს მოვა!!!...
+ -
+1
ანა  კალანდაძე-შეხვედრა ლუდით შემთვრალ თორღვასთან ახიელში



მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გადაგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!

შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა…
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო, – წელს არ მოვიდა მეძღვნე…

რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს… სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი…
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!..

თუ… ვინ გაღონებს? ხმალზე ავაგებ, ქალო,
რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა…
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბარუქას, ათენგენაის მადლმა!

ხვალე გაჩვენებ კიდეგანაის მყინვარს, –
იმისი მუხლი მოსდევს არაგვისწყალას…
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:
ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!

ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს, –
ცხვარი იქა მყავ (თუ ხევში სად არ ჩავრჩი…)…
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალჩი!

გნახე მშვიდობით… ცა ჩირახივით ბოლავს –
ნილსები დიან… ქვექვური ჯვარის ძალო!
არ-კი გეწყინოს, – ლუდ მაუბნებდის ასე,
ჩემ ათი შვილის გახარებამა, ქალო!
+ -
+1
გიორგი  ზანგური-ქურდი



ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო
ისე თამამი და კალმახური
ტანზე არ მაკმარა საბანი და
თავის სიმხურვალეც დამახურა.

ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,
როგორც ქალწულობის მიტოვება,
ჩემზე გაიზმორა დალოცვილი
ისე ვნებიანად იტორება?!

სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-
ველურ ყვავილების სატევარი
ჩემდა უნებურად გავიფიქრე
“ღამე გამიხდება სათევარი”.

ისე დამათენა ამბორები,
ისე გადიპარა აივნიდან,
მისი უტაქტობის მონატრება
ვიცი არასოდეს გაივლიდა
დამმშვიდობებოდა მაინც!
+ -
+1
გიორგი  ზანგური-ვურჩიოთ რამე


ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო
+ -
+1
გიორგი  ზანგური-სურვილების ყულაბა



სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალოდ ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი
+ -
+1
გიორგი   ზანგური-ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია



ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ვიცი ტუჩებიდან ამბორს ამათლიან,
ქალაქს წვიმაში რომ მხრებზე ეცემოდა.

ღრუბლის აივანზე სხივის გამოფენას,
ჩრდილებჩამოწელილ კედლის ავარიას,
მზისკენ დედამიწის ყოველ გამოფრენას
წარსულუქონელი აწმყო აბარია.

ხვრეტდა ხელისგულებს ცერით ბალერინა,
ღამის სიგარეტი მალე იწეოდა
და მე ვიხსენებდი, შენი მანერიდან
ქალის სიფაქიზე როგორ იქცეოდა.

ქარმა გაიტაცა ხიდან საქანელა,
ჩვენი ბავშვობიდან აწმყოს ვიფერადებ.
მახსოვს ერთი სახლის ქუჩის დაქანება,
სადაც საქორწინო კაბას გიკერავდნენ.

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ახლა ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
ქალაქს ხალისით რომ თვალში ეცემოდა.
+ -
+1
გიორგი  ლეონიძე-ყივჩაღის პაემანი





ყურღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
+ -
+2
წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო..



წვიმების სეზონი იწყება, ძვირფასო,
სეზონი – ბუხრების, ჩაის და პლედების…
ჩამოვსხდეთ სარკმელთან და თვალი ვადევნოთ,
ცას როგორ კვეთავენ ღრუბლები – დენდები.
ხანდახან ღიმილი ავანთოთ ღიღილოდ,
ვსვათ ჩაი, ლიმონით, პიტნით ან ჟასმინით…
წარსულის ბადაგით დავბანგოთ გონება,
მუხლებს რომ გაგვითბობს პლედები, ქაშმირის.
წვიმების სეზონი იწყება ძვირფასო.
ამ წვიმებს უთუოდ მოჰყვება ზამთარი.
ვუსმინოთ გამხმარი ფიჭვების ტკაცა-ტკუცს,
დავხუროთ ვალების და სევდის დავთარი.
შეხედე, რა მუქად, რა მალე ღამდება…
დადუმდნენ ქუჩები, პარკები, ეზონი…
იწყება ბუხრების, ჩაის და პლედების,
ერთურთის თვალებში ჩახედვის სეზონი.
+ -
+1
რატი  ამაღლობელი-სეკვენცია



ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ და
ანი ბანი და განი და.
+ -
+1
ტერენტი  გრანელი-მწუხარე მელოდია



მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.
საოცრების ლანდები შენს წინ გლოვას ანთებენ,
როგორც ბრილიანტები საიდუმლო ოცნებით.

შუაღამის ვედრება სამრეკლოსთან ბერდება,
მოგონება ფითრდება სინანულის ფარდებში.
სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე,
როგორც ლურჯი სინაზე, დაიკივლებს ვარდებში.

აკანკალდა არმაზი, უნაზესი გამმაზე,
მოსვენებას არ მაძლევს კვირეების გუგუნი.
ძლივს გადურჩი ამ აპრილს, ვერ ვასრულებ დანაპირს,
ჩვენს ცხოვრებას თანაბარს შთანთქავს ღამე უკუნი.

განშორების წამებში ჩაქრებიან სანთლები,
დაო, მომელანდები ვით კუბოში მწოლარე.
სასაფლაოს ლოდებთან ჩამოცვივდნენ ფოთლები,
მზეო, არ გელოდები მე, ფარულად მთრთოლარე.

როცა ქარი იწყება, გადვიქცევი ფიქრებად,
ალბათ ბევრი იქნება იმედები ქარვაში.
მესმის ხმა როიალის, ვით ფოთლების შრიალი,
მიყვარს მე ხეტიალი შეშლილივით ქალაქში.

მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები.
+ -
+1
პასუხი კითხვებზე


კითხვები დაგროვილა ცამდე,
პასუხებს აღარა აქვთ ნება,
მწარე სინანული მავსებს,
ის რაც ოდეს იყო ქრება.
კითხვები დაგროვილა ცამდე,
პასუხი გასცდომია ცას
ის რაც ადრე უკვე ვნახე
ისევ გავატანე ქარს...
+ -
+3
დამისხით.
სევდას მინდა მოვბანო ცრემლი.
დარდივით მძიმედ შევუყვე სორმონს.
ტვირტად შევიდგამ შენ ტვალებს
მარად უცნობი ცისფერი სოლო.
რომ სიკვდილის წინ მაინც ვიხილო
ჩემი ჯიუტი სიცოცხლის ბოლო.

გამოკითხვა

თქვენი მდებარეობა

სხვა გამოკითხვები...
up