ჩანახატები

+ -
+1
ჩანახატები


შინაგანად ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებდი პიროვნების ფაქტორს. ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ პიროვნების ფაქტორი გადამწყვეტია ისტორიისათვის. შეიძლება ვამეტებ, მაგრამ ჩემი აზრით პიროვნებაა ის წყალგამყოფი, რომელიც ისტორიის დინებას ცვლის ჟამიდან ჟამზე, ზოგისთვის ცხადად, ზოგისთვის შეუმჩნევლად, მაგრამ ცვლის. სხვა საკითხია ვინ არის ეს პიროვნება, საიდან მომდინარეობს მისი ძალმოსილება. კარგია, თუკი ღვთისგან, კარგი კი არა ბედნიერებაა, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ერი მთლიანად, საზოგადოება, საღმრთო გზებზე გადადის, რაც უკვე წმინდანთა უშუალო ჩარევას ნიშნავს ისტორიის მდინარებაში. საქართველოს ისტორიაში ეს მრავალგზის მომხდარა და ასეთ დროს იქსოვება სწორედ მართლმადიდებელი ერებისა და სახელმწიფოების ისტორიული მწვერვალები. ასეთ დროს სახელმწიფოს მმართველებადაც კი წმინდანები გვევლინებიან - მეფეები უპირატესად. ჩვენ შეიძლება ახლოს ვიყოთ ასეთ ისტორიულ მონაკვეთთან ჩვენი არსებობისა. დღევანდელობა თითქოს ასეთ პერსპექტივას არ გვკარნახობს ლოგიკურად, მაგრამ ისტორიაში ლოგიკა დევს? არა მგონია და ამიტომ ყურადღებით ვიყოთ არა მხოლოდ გარემოს მიმართ და მით უმეტეს კრიტიკულად, არამედ საკუთარი თავის მიმართ უპირველეს ყოვლისა და თუ გნებავთ კრიტიკულად უკვე. ანუ კრიტიკა საკუთარი თავისკენ მივმართოთ - ასე აჯობებს ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც მთლიანად. არაფერი ჯობია იმას, როდესაც შენი თავი მიგაჩნია უუმცირესად, ოღონდ, გულწრფელად. ყველაზე ძნელია, გეთანხმებით, მაგრამ ყველაზე ძნელში გადის გზა. ჩვენ გზის შესახებ გესაუბრებით. ჯონათან ლივინგსტონი ხომ გახსოვთ რიჩარდ ბახის ნაწარმოებიდან, უფაქიზესი თოლია, მატერიაზე გადაგებულ საძმოს რომ გამოეყოფა ჭეშმარიტების საძიებლად? ჯონათანი უკან დაბრუნებას აპირებს. აი, ეს არის პიროვნება, ისტორიული თვალსაზრისით ეს არის. ნებისმიერი ისტორიული პირი, რომელმაც რაიმე შემატა თავის ერსა და ქვეყანას, ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებელი, შინაგანი ადამიანია და თავისი შინაგანი გზა აქვს გავლილი. ეს ჩვენ არ ვიცით გარედან. თქვენი მონა-მორჩილის უბადრუკი მცდელობები ამ თვალსაზრისით, ჩაწვდეს ისტორულ პირს თუნდაც ფრაგმენტში, მის სულს ჩაწვდეს, უბრალოდ მინიშნებაა ამის შესახებ და არა ფაქტი. ფაქტია, როცა შენ მთლიანად ხედავ, აღიქვამ დროსა და სივრცეში. მაშინ წმინდანი უნდა იყო და ისე უნდა გქონდეს მზერა დაწმენდილი, რომ დრო ლაპარაკობდეს, ადამიანები, ფაქტები და დეტალებიც კი. სიმანდვილეში ეს ყველაფერი ლაპარაკობს, უბრალოდ, ჩვენ არ გვესმის. სქოლიოში ვცდილობთ ჩამოვიტანოთ და სქოლიოდანაც დავიბადებით. მე თქვენ ეს შეგპირდით ჩემი წიგნის ბოლო გვერდზე და შევეცდები დანაპირები პირნათლად შეგისრულოთ. მაგრამ მანამდე გზაა სიმდაბლისკენ - ფსკერისკენ: ყველაზე ძნელი გზა, როგორც გითხარით. ჩვენ შოუმენები არა ვართ, არც არტისტები, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს და ყველა თავის გზაზე იყოს მაგარი. ჩვენ - ჩვენ გზაზე. ჩვენი გზაა რეალობაში, თუნდაც საშინელში შევიდეთ მხატვარ-დოკუმენტალისტის მართალი თვალით და გამოვიდეთ იქიდან, უფრო განათლებულები და განმართლებულები - როგორც შემდგარი ფაქტი უკვე: დოკუმენტი. ამ დოკუმენტის უარყოფა ძალიან გაუჭირდებათ, თუკი იგი ნამდვილობის ბეჭედს დაიმსახურებს. ვიმედოვნებთ, რომ დაიმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები 1

+ -
0
rozikvirter გასულია 28 სექტემბერი 2011 06:59
:good:
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
up