ნიკო გომელაურის ლექსები #1

+ -
+3


ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა
და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს...
სიჩუმე ხეთქავს ყურის ბარაბანს,
მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს.

ტონი მონურით,
მონოტონურით,
მე მასწავლიდნენ-რა შემერგება...
ვუსმენდი,ვთმობდი,
თუმცა ვერ ვგრძნობდი...
ჯერ არ მყოფნიდა ალბათ შეგნება

ვიღაცა რწმენას იღებს იჯარით,
სასუფეველში ადგილს "იბევებს"
გამოზუთხული,ხშირი პირჯვარით
ცოდვა არ იკლებს,ცოდვა იბევრებს.

ფარისეველი ტაძარს აშენებს,
ოქროს ათეთრებს,ოქროს აშვიდებს,
ეს,არ მგონია,მეც დამამშვენებს
ეს,არ მგონია,მეც დამამშვიდებს.

როცა ასაკი დამინთებს სანთელს,
უსასრულობა გახსნის დარაბას,
ნეტავ,ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს.
ღმერთს,თუ ბარაბას?...

მსგავსი სიახლეები

კომენტარები 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
up