ტანო ტატანო

ავტორი: misha.kokaia | 3-03-2012, 18:34 | კატეგორია: ბიბლიოთეკა / პოეზია | ნანახია: 4012 |

ტანო ტატანო


ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!
---

ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
სულით ქებულო, შეგნებულო, სადა გყავს დარი?
ჩემს სხვა ცემული, გულმოკლული, შორს განიგარი!
ტანო ალვაო, მატს ხალვაო, მაქვს სანუკვარი,
სევდა და სენი, მომიხსენი რა საუბარი.
მე სხივცემული, გულმოწყლული, შორს განიგარი!

სასური მზისა, სინაზისა, შემესმა ხმანი,
მე მსურდა თავათ, გავხდი ავათ, უწყალო ყრმანი,
ვარ მისთვის ხელი, მომნახველი ვარ ჟამიანი.
ტრფიალსა გულსა, სულწასულსა, ბედი და თქმანი,
ვერ ვპოვე მახე, ჩემი დღენი არს შესაზარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

ვიხილე სახე, ვივახვახე მისთვის ხელია,
თმა სათ-გიშერი, მშვენიერი მინა ყელია,
ორნი ობოლნი, ნაზად მწოლნი, ბროლის ველია,
მან მიდო შური, დასაბკური ცრემლი ცხელია.
სევდის ჟამი ვსვი, გულ დავისვი ეკალთა ნარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

მინახამს წელი ჩემთვის მწველი მარად ჟამსადა,
არა მაქვს ცნობა უშენობა მე ერთ წამსადა,
მთიებს რა იღებ, სულს გავიღებ შენთვის ქრთამსადა.
მელნის ტბა იშრობს, არ შეიშრობს თვალთა ნამსადა,
მახეს აწვები, მაქვს ღაწვები ცრემლით ნაღარი.
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!

ბესარიონ ვსთქვი, ვერ გამოვსთქვი მნათობის ქება,
მედება ალი, გულსა ბრჭალი, არა მაქვს შვება,
ასე უარი, მატყუარი, არ დამრთო ნება.
წამ-წამ მახვილი, გარს სახმილი მისთვის მედება,
მოყვარე, მტერნო, გბრალდეთ ერნო, მაქვს საჩივარი!
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი!
---

მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბსა მიჯნურსა მაქვს სავალალო.

ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირს აროს,
შენნი უწყალო ჰინდ-ლაშქარნი გარ-შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!

როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი!
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის, ყმაა თუ ბერი!
რა გიამების, არვინ იცის, ვსცან ვერა ვერი!
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!

ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვილი,
მზისა სიცხოვლე მირასჭირდეს, შექმნას ურვილი!
ვა ჩემსა ბედსა! იცი მე ვარ სულ-მიწურვილი;
მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი?
ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!

მე შენმა თვალმა გარდამბირა, როს გნახე მთვარე;
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე;
შენის ბაგისა ორნი მეცნეს: ტკბილი და მწარე;
ორ-კეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე!
შენი ბესიკი რად დამაგდენ, შეუბრალალო!
---

ვარ უცხო ვინმე ყარიბი,
ამა სიტყვითა მხმობელი,
ამა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი:
მონა ვარ მისი მუდამ ჟამ
და მისი შემამკობელი, -
იგია ჩემი ხელმწიფე
და ჩემი დამადნობელი!

ფუცავ, მე არვინ მიხილავს,
რომ არს შვენებით ანაო!
მთვარესა ეზრახებოდა:
„შენ ვერ ხარ ჩემისთანაო!“
ვარსკვლავნი მუდამ სამონოდ
გარს უდგენ თანის-თანაო.
მხილველნო, დამემოწმენით:
კარგი ყოფილა განაო?

ცნობა მიმიღო და გული,
სევდით შემზღუდა ანამან;
კვლავ მომკლა მისმან ციალმან
და წელთა მიმოტანამან;
კოკობსა ვარდსა ნარგიზმან
აპკურა ცრემლი, ანამა.
ჯობს, რომ არ ყვანდეს მიჯნური,
ან მოკლას ამისთანა მან!

იაგუნდი მოცინარობს:
„მარგალიტნო, მიახელთო!“
სათის ტბიდგან ისარს ისვრის:
ვინ გაუვლის ახლოს ველთო?
დალახვრავს და მძიმედ დაჰკოდს,
ველს განაბნევ დია ხელთო!
ნეტართაო ქონდეს ეს გზად;
უვიცადი გიახელთო.

მიმიღო ცნობა, -
არ ძალმიძს მკობა, -
ჩემმა ხელმქმნელმან, ლამაზმან ამან!
შემოსა ხელი,
ითნო სახელი
მისმან მგვანემან პაწაწანამან;
ალხინა გული,
წყლულ-დადაგული,
წყალობიანმან მისმან შანამან.
თქმულია ძველად:
„ვინც იყო ხელად,
ატრფე და მოგკლას ამისთანამან!“

ხელმწიფევ, გული
შენთან-ა ბმული,
წყალობიანად მომცემო შვების!
ნაზად ვინ ირთვი,
პირი მიირთვი
სიკვდიდმდე მტკიცე შენთა ნახლების!
თუმცა [რა] გცოდე,
ვიყო შემცოდე,
შენგან წყალობით ნუ მელხინების!
გიმუხთლო, ესე
ვიყოცა მკვნესე,
შენგანცა კიდე ვიყო-ცა სხვების!
---

მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა!
ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა!
ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა!
ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა!
როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა!

ეტლ-შვენიერად მოარული გამჰსგავსე მთვარეს;
შენის ეშყითა მასა შევჰსტრფი, დამე ვვლი გარეს;
უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს;
უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს!
არ ვიცი, ვისსა გაჰსწყობიხარ რჯულსა, ფირებსა?

თვით შენმა გულმა კარგად იცის, ვარ შენი მკვდარი;
შენმან სურვილმან ჩამოლია გული კლდე-მყარი.
პირველ შაქრისა გემო იყავ, ახლა ხარ მწარი;
სამართლიანი გზა დააგდე, დამიხშევ კარი!
ვინც რომ ამ ჭირში დამინახავს, დამიტირებსა!

მე ტკბილის გულით შემოგყურებ, შენ მემალები;
გინდა რომ მოვჰკვდე შეუყრელი, არ გებრალები!
რამდენის რიგით ცეცხლით დამწვი, მით მჭირს ძალები!
შენსა ბესიკსა შენი მოჰკლავს ცეცხლის ალები…
ერთხელ აღირსე შენი ხილვა შენსა მზირებსა!
---

სევდის ბაღს შეველ შენაღონები:
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები.
ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები,
ისარი მყორცა დასამონები,
სრულად მიმიღო ყოვლი ღონები;
მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები;
მისთვის იქმნები დასაყოვნები!“
ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ;
მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!

იასა ვჰკითხე, – მუნ იდგა ნაზი:
„ვარდსა რა ვუქმენ კართა სარაზი?
„ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!“
მანცა გამაგდო: „გარეგან – გაზი,
„შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი!
„სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი!
„შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი!
„შენის გონებით იქნები რაზი:
„ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!“

რა ია გამიწყრა, ნარგიზს მივმართე,
სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე;
ვეუბნებოდი: „შენ წარმიმართე
იწროს გზის პოვნად! გზები გაქვს ფართე!
ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე:
ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე.
შავ-გულსა ლხინი შენ მოუსართე.
შემომითვალოს, რა უკუღმართე?
რად მომიგონა მოუგონები?“

ნარგიზი ვნახე შებრალებითა,
ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა;
მითხრა: „ყარიბო!“ მონაზებითა:
„ვარდი მით არის გულ-დაკლებითა,
„რომ შენი იყო თავ-დადებითა, -
„შენ რისთვის დაჰსთმე სხვისა ხლებითა?
„თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა; -
„რად გიკვირს, გასწყრეს ცეცხლ-მოდებითა?
„ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!“

დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები;
ბაღის კარს დავჯექ შენაძალები,
ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები;
ვიყავ ბედისა დამაბრალები.
ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები,
შეიქმნებოდენ ჭირ-ნაკრძალები.
მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები!
ბესიკი სიკვდილს არ ვემალები,
თავი მაქვს მისთვის შენაწონები!
---

შავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი,
სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი,
მრჩობლად მხედნი, მით ერთითა პირითა
მათებურად სალ გულთ ამატკინავნი, -

გაზაფხულის შემოსლვისა მხმობელნი,
ია-ვარდ-ზამბახთა მახარობელნი,
სხვა ყვავილთა და სხვა ამბავთ მთხრობელნი,
შავ-ხავედ მოსილნი, ქუფრად მბზინავნი, -

ერთი ერთის მიმდევარნი, ერთ-პირნი,
ორნი ერთის შესაპყრობლად მომბირნი,
საშიშარად შარას თვალ-შემაჭვირნი,
ხან მომკვლელ, ხან მომწყლვლელ, ხანცა მლხინავნი, -

შემოკერბით, მოდით, ვნახოთ, ვინ არნი,
ორნი ტოლნი შავ-მოსვითა მჩინარნი,
არ მოწყენით მომღერალნი, მღიმარნი,
ყარიბისა ცრემლის დამადინარნი!
---

ცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით
ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით!
უცხონი თემით სოფლის ცემით გავიგარენით,
უჭკნობნი ვარდნი ეს-გვარ დარდნი დავიბძარენით, -
არ ითქმის ენით, არცა სმენით, ეს იკმარენით!

როს გვაგონდებით, შევღონდებით, ლომნო ყმა-ძმანო,
თან-ზრდილნო სწორნო, განაშორნო, საყვარლად კმანო!
ვა კიდეგანთა, აზდენ თქმათა გლოვისა ხმანო,
ატადის-კალოს, სავალალოს, სადა ხართ, თქმანო!
დაგვბერნა ქარმან დაუწყნარმან, ზღვად ვიფარენით!

დაბერდა ყური, სევდის ჭური რა ჰპოვა სოფლით,
დაბინდნა თვალნი, შეუმკრთალნი, ცრემლით და ოფლით,
დადგესცა ხელნი, მარჯვედ წრფელნი, შორნი საყოფლით,
ხელმწიფე გული, ცეცხლ-დაგული, სულით გამყოფლით,
ჭირსამცა თქვენსა თუ გალხენსა, მოიხმარენით!

დავნატრი მზესა, სიამესა, დილა თქვენ გარებს,
ღამე მთოვარე, ქველ მოარე, ხასიათ გვარებს,
ცისკარ მთიები, სხვა ციები პირველ გახარებს
და მერმე ჩრდილოს სასიკვდილოს ღრუბელს დაჰფარებს!
ამ დღე-ღამითა და ჟამითა დაემწარენით!

სიზმარს ვემონვით ძილ-შეკონვით, ნუ თუმცა გნახეთ,
სახე-უსახო, საახვახო ეს განვიზრახეთ,
სხვამცა პატრონი, ანუ დრონი, ვერღა დავსახეთ,
ყარიბთა ბანი, გზის საბანი, ეკლით შევსჩმახეთ!
მოყვასთა ცრემლნი სწვიმეთ ცხელნი, მტერთ იხარენით!


ბესარიონ გაბაშვილი
---

ზანტი ზმორებით ვენახში,ღამე ვნებას ვერ ასვენებს,
თვალებგანაბული ჭის კარის ქუთუთოს გახრწნაც კი იწამა.
ხეს ტანზე შემოახია,ნუშით მოჩითული სამოსი
მერე თავთუხების გალოკა,-ცამდე აპრეხილი წამწამი.
თითქმის უმწიფარი ხეხილი სველი ტერფებით დათელა.
ცხელი ტუჩებით უკოცნა ატმებს,- ლალღველფი ყვრიმალი.
ღამემ ქარიც კი აცდუნა, ჩუმად შეიტყუა თალარში
ვაზის მელნისფერი მტევნები ,მიწაზე შეაყირამალა.
ჟინი მოერია,ლაჯებქვეშ მთვარე მოიქცია,-მთვლემარი.
კვირტად ამოყრილი კერტები-,სულ სათითაოდ აშიშვლა.
ცხელი სუნთქვით დასიცხა ბალახს ცრემლდაყრილი თვალები.
მკერდად ამობურცულ თივის ზვინს ტანს შემოახია შალითა.
სველი მაჯებით ასწორა მთების ძუძუსთავთან,- ნაოჭი
შიშით თმაგაწეწილ ბოლქვებსაც თავის სურვილი ახარა.
ზეცის მკერდგაღეღილ სხეულზე,ღამე ცივ თითებს აჭენებს
ვნებად ჩაიღვარა დაღლამდე ღამე,-მწიფობისთვის ხაროში.
ნატიფი ზურგი უკაწრა,მხრებში აწურულ ჩირაღდნებს
ვნებას არამყოლი ხეები,ღამემ სულ ელვით გაშოლტა
ბოლოს ქანცგაწყვეტილ მიეგდო და ბოლო კვნესას აჩაღებს
მინდვრად ამოსული ყაყაჩო,-ღამის ქალწულობის ნიშანი!
---

როცა წაგიყვანს ველური ჟამი,
რომ არ დაგრჩება არც ერთი წამი,
დასრულდება თვით დაუსაბამო,
რას დაუტოვებ შენ ამ სამყაროს?!

როცა სხეულზე ცივ ხელებს იგრძნობ,
შენს თავს აქ მყოფში რომ ვეღარ იცნობ,
იფიქრე, ვიღას გაახსენდები?!
დაინგრევი და არ აშენდები…

რომ იკივლებ და ხმა არ იქნება,
როცა იგრძნობ, რომ სხივი გიქრება,
დაფიქრდი მაშინ, თურმე რა განდეს,
ნდობის შედეგი რომ უნდა ჩანდეს…

რომ დაბრუნდები აბსტრაქციაში,
აღარ იქნები ამათ სიაში,
ჩახედე შენს გულს, იქ რას ინახავ…
მერე შენს ვალებსაც დანახავ…

როცა ნიავი ჩამოიქროლებს
და ვეღარ იგრძნობ, უნდა იცოდე,
აქ შენნაირი არვინ ყოფილა,
ეგ სილამაზე ღმერთმა მოგფინა,

ღმერთმა მოგიძღვნა შენ ეგ ფიქრები
და თუკი შენ აქ ,,ვინმე” იქნები,
რომ შეგქმნა, შეძლებ ღმერთს არ ანანო,
აღარ გექნება ვალი სამყაროს…
---

ვერვინ ჩაწვდება ჩემი სულის ფსკერს,
ცოცხალი ვარ და გული არ მიძგერს,
ცხოვრება ნეტავ დიდხანს გამიძლებს?!
რომ მოვჩები, დრო თავიდან მიწყებს…

არ მინდა, ვიყო მხოლოდ ატომი,
რატომ ვარ ხან და ხან რატომ იქ?
სიცოცხლე წიგნთა მცირეა ტომი,
მშვიდობა მქვია, დამარქვათ ომი

გსურთ და ცრემლები ჟანგავენ წამებს,
მლიქვნელი დრო დღეს ტკივილს აამებს,
იარებს აქრობს და ტოვებს შრამებს,
მხოლოდ მზის ქონით სჯობნის დღე ღამეს .

მაწვალებს ფიქრი, უაზროდ ბევრი,
სულია ჩემი – უღრანი ტევრი,
ადამიანთა მეთქმის მე წევრი,
ეს ცხოვრებაა მეტყველი, მჭევრი.

ცრემლები აღწევს ტუჩის კიდეებს
და მაჯერებენ გიჟურ იდეებს,
თითქოს ჩემს გამო თავსაც იდებენ,
მივიხედავ და ფეხით მკიდებენ…

გველი კვლავ ცდილობს მაჭამოს ვაშლი,
ჩემი მერანი მყის ფაფარსა შლის,
მიმაფრენს ზემოთ, მე ღრუბლებს დავშლი,
სიძულვილს, ცრემლებს, ტანჯვას მე წავშლი!
---

ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა… და,
როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე…
მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო;
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო…
გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
---

ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
–ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გადარდებს?
გასწიე იგი “ნიკოფსიითგან
დარუბანდამდე“….
თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა
ოდით და ოდით?
თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო,
რაღა ქნან ცოდვილთ
სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის
ვერსით მპოველთა?
–ფეხი დამადგით, გულზე დამადგით
ფეხი ყოველთა…
---

მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!

ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი,
და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი,
უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი.

უხმო-უსიტყვო გრძნობათა ლოცვა,
საანგელოზოდ რომ ენთებოდა,
ციურ მანანად, ნუგეშის ცრემლად,
უჩინრად გულსვე ეწვეთებოდა.

მაგრამ ჯოჯოხეთს და ბოროტ სულებს
არ ასვენებდა ციური ძალა
და უკვდავების წმინდა წყაროში
ჩააწვეთწვეთეს შხამი… სამსალა!

შენც შეგარყიეს… უსამართლობამ
უღმრთოდ გააქრო ტრფობის ლამპარი
და მაშინ ბნელში დავრჩი მე ობლად,
უსულ-უგულო და ცოცხალ-მკვდარი.

მაგრამ მიყვარხარ! მაინც მიყვარხარ,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება,
თუმც მაგ თვალებში აწ სხვისთვის ბრწყინავს
სასუფეველი და უკვდავება.
---

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…
მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს…
მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა.
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!…
“ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.
“წინ მომეგებენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.
“გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო, -
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლად გამიხარეო!…
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!…
“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო…
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:
“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო!…
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!”


«წინა სიახლე ლექსების კ...
ლამაზი გოგ... შემდეგი სიახლე»

ნიშნები: leqsebi, ლექსები

მოგეწონა სიახლე? არ დაიზარო, გაუზიარე მეგობრებს!


პარივცემულო მომხმარებელო, ამჟამად თქვენ სტატუსი საიტზე სტუმარია.
გირჩევთ დარეგისტრირდეთ, თუ უკვე ხართ დარეგისტრირებული გამოიყენეთ მონაცემები და შედით საიტზე.
თუ დაგაციწყდათ პაროლი, შეგიძლიათ აღადგინოთ აქ.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

საიტის არქივი

ოქტომბერი 2014 (263)
სექტემბერი 2014 (349)
აგვისტო 2014 (129)
ივლისი 2014 (160)
ივნისი 2014 (343)
მაისი 2014 (191)