» » » ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 6

ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 6

ცოტაოდენი ლექსები - როგორც ყოველთვის, ნაწილი 6


ჩემი მზისა და სიზმრების მხარე
მე მიბრუნდება ჩუმად და ნელა,
როდესაც მხოლოდ ქარია გარეთ,
როდესაც ცივა, როდესაც ბნელა.

როდესაც ცივა, როდესაც ბნელა,
როდესაც მხოლოდ ქარია გარეთ,
ჩემს თვალში ფასი ეწევა მელანს
და საგანგებოდ ჩაკეტილ კარებს.

ჯანდაბას იქით წყეული წიგნი,
ვის რაში უნდა, რაც დღემდე უთქვამთ.
მე მინდა ჩემი სუნთქვა და ფიქრი
იქცეს შენს ფიქრად, იქცეს შენს სუნთქვად.

როდესაც შორს ხარ, როდესაც ცივა
და ირგვლივ, როგორც უჯრაში ბნელა,
თითქოს მავთულსაც სტკივა და წივის,
თითქოს სარკმელსაც სტკივა და ელავს.

ოთარ ჭილაძე
-
--------------------
ნატვრა ლოცვამდის
-

ქარიშხლის ხელები
სარკმელთან მთრთოლავი,
უვნებო ბორგვად
მინას აწყდებოდა...
ღამის სიჩუმეში
ნატვრა ლოცვამდის,
ჩემთან მოჰქონდათ
უცხო სამეფოდან...
ქრება ცის კიდეზე
ცივი მხურვალება,
და უცხო სამეფოს
წყვდიადი ათბობდა...
ფიქრი დაფანტული
გზნებებს უმატებდა,
უიღბლო ოცნების
შემთხოვდა დანდობას...
ქარიშხლის ხელებზე
თრთოლვა რომ ბარდნის,
უვნებო ბორგვად
სარკმელს ადნებოდა...
ცრემლიან სიჩუმეში
ნატვრა ლოცვამდის,
ჩემთან მოჰქონდათ
უცხო სამეფოდან...

მაია გონჯილაშვილი

--


ისევ დამარცხდა, დაცხრა ზამთარი...
დაკონკილ დროშას მიითრევს, მიდის...
და ბევრი მწარე დღის გადამტანი,
გალუმპულ ტოტზე ფრთხიალებს ჩიტი.

ის ხის სულია: ლაღი, კეთილი,
მომნიჭებელი ცის და ნუგეშის,
განმტკიცებული და განწმენდილი
ზამთრის სიმკაცრით და სიუხეშით.

მის ხმაზე ქვებიც უნდა აყვავდნენ,
რომ ჯადოსნური ფშვინვით და თრთოლვით
კვლავ ჩაკლან ეჭვი, როგორც აქამდე
ჩაუკლავთ არა ერთი და ორი.

მხოლოდ მის ხმაზე იხსნება კარი
და შეჩვეული დუმილს და ლოდინს,
ფრთხილად მოცოცავს ოცნება გარეთ,
ვით შინ გაზრდილი მცენარის ყლორტი.

მხოლოდ და მხოლოდ მის ღვთიურ ხმაზე
ჩვენს შორის ისევ იდება ხიდი
და ამიტომაც ზეიმობს ასე
ეს ერთი სულის შებერვა ჩიტი

ოთარ ჭილაძე
--

მე ახლა მხოლოდ ამ თოვლით ვცხოვრობ,
მათოვს და მათოვს თეთრი ვარდები
და როგორც შენი დუმილი - თოვლიც
სავსეა თრთოლვით და ჟრუანტელით.

სავსეა, სავსე... და მხარზე მაზის
მხურვალე თოვლი, არწივის მსგავსად.
და შავად ბზინავს ტრამვაის ხაზი,
რომელიც უკვე არ მიდის არსად.

ფრთებშეტრუსული მიფრინავს ქარი,
თითქოს დააფრთხეს ჩემმა ჩრდილებმა...
და მავიწყდება ზურგს უკან მდგომი
მოვალეობა და მორჩილება.

ოთარ ჭილაძე
-

ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის
და თვითონ უნდა მიაბა იგი მიწას,
რომელზეც გინდა რომ მოკვდე,
როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.

საქმე ისაა, როგორ მიაბამ,
როგორ გამოთვლი გასავლელ მანძილს,
რომ არ შეფასდეს მერე იაფად
შენივე ხელით შეკრული კვანძი.

როგორ მივაბი, არ მახსოვს კარგად,
მაგრამ ის თოკი გრძელდება დღემდე
და ჯერ არაფრის იმედს არ ვკარგავ,
ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ.

ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ,
თავისით გაქრა ბევრი სურვილი,
ბევრჯერ შევასკდი გულსა და კედლებს,
უმისამართოდ ნასროლ ჭურვივით.

სამაგიეროდ, მეც განმიცდია,
რასაც განიცდის ყველა მოკვდავი,
როცა შემოდს სულში მინდია -
ყველაფრის ცოდნე და საცოდავი.

და ვიცი, რატომ უნდა მიყვარდეს
ჩემი მტანჯველი და ძნელი გზები,
რომლებიც ალბათ იქ მიმიყვანენ,
სადაც ჩემამდე მისულან სხვებიც.

მაგრამ თუ მეყო დროც და მანძილიც
და მოვუნახე სულს სასთუმალი -
მოვკვდები, როგორც ქვეყნის ნაწილი
და არა - წუთისოფლის სტუმარი.

ოთარ ჭილაძე
-

არა! ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას!
ხვალაც ამოვა ის დიდი, მღელვარე მზე
და გულის სარქველს აგილოკავს ცხელი ბაგეებით.
ნუთუ გგონია უკანასკნელ სიყვარულსაც
ასე იოლად გადაურჩები?
შენ აქ ვალს იხდი, მაგრამ დღისით,
შემოდგომის ნაღვლიან წვიმაში
დაინახავ, რომ ხეებს უცნაურად ეცვლებათ ფერი
და შეგაშფოთებს შემოდგომის წვიმის სიცივე.
არა, ხვალაც ვერ დაივიწყებ ცხოვრებას,
თუ ღმერთმა მოგისაჯა, რომ შენს სულში,
როგორც სანაგვე ყუთში,
იყრებოდეს მთელი დღის ჩენჩო.
ღამით ხომ ფრჩხილებივით იზრდებიან ტკივილები.
შენ წახვსლ ტანჯვის ბილიკებით,
ხოლო შენს სახეს გადაფარავს ღიმილის მტვერი,
ღიმილის მტვერი გადაფარავს შენს მწარე ღამეს
და დაობებულ სიზმარიდან გადმოაბიჯებ.
შენ ის კარი ხარ-გრიგალი რომ
აქეთ-იქით კედლებს ახეთქებს,
შენ ის კარი ხარ-სუყველას რომ შეუძლია
გასვლა-გამოსვლა,
შენ ის კარი ხარ-
სამუდამოდ ღია და ცივი.

თამაზ ბაძაღუა
ტეგები: ლექსი


  • არ მომწონს
  • 0
  • მომწონს
  • უკან
13-02-2012, 22:15 1 888 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.