» » » ლექსები - ვიდექით ერთად

ლექსები - ვიდექით ერთად

ლექსები - ვიდექით ერთად



ცხრა მთას იქით და ცხრა ზღვის გადაღმა,
თქვენ დაინახავთ შაპიტოს კარავს,
ცოდვილ გალიას თვალს მოჰკრავთ ალბათ,
შეხვალთ შიგნით და სმენას დაძაბავთ.


იქ დღემდე ერთად ზის ორი ბიჭი,
ორი კლოუნი, კამათი ისმის...
ერთი მთელი დღე მწუხარედ ტირის,
მეორეს მუდამ სახე უცინის.


მათგან უფროსი - კომედიანტი,
მისი ღიმილი ყურამდე ადის,
უმცროსს კი მუდამ აწუხებს დარდი,
იცნობდეთ, ჰქვია მას პალიაჩი.


თუ გსურს მკითხველო გაიგო რა სჭირთ,
რამ დააფიქრა ასე ჯამბაზი,
ცხრავე გააღე მაგ გულის კარი,
ყური დაუგდე და მერე წადი...



****



ვიდექით ერთად, მე ის და დარდი,
და გავყურებდი მის თვალებს გუშინ,
მე მისი კოცნა, ჰაეროვანი,
ნაზად ჩავუშვი, ჩავმარხე გულში.


ის შეიძლება არც ლამაზია,
მაგრამ ჩემთვის დღეს ვიწამე ღმერთად,
ის შეიძლება თვით ჯალათია,
სახე სახის წინ, სახეს ვერ ვხედავ.


მაგრამ ვიცი რომ მიყვარს უზომოდ,
და უიმისოდ დღითიდღე ვკვდები,
თქვენთან საერთო ისა მაქვს მხოლოდ,
რომ ყველას ბოლოს მოგვიღებს ცელი.


ერთ დღეში იცვლით ათას ”სიყვარულს”,
ყოველ საღამოს თქვენს თავებს ებრძვით,
გულის კარები გიგავთ დაბზარულს,
სწორედ მაგიტომ მე მეზიზღებით.


მაგრამ არ ვტირი თქვენ გამო რადგან,
არც თქვენ განაღვლებთ ჩვენი ტკივილი,
და თქვენს ცოდვებზე ამაყად, ლაღად,
ირონიული ვიწყე სიცილი.


გინდა მსმენელო ვინ ხარ გაიგო?
და შენს წინაპარს რა ღვაწლი უძღვის?
მოყვარე მტრისგან როგორ არჩიო,
რადა ვართ ღირსნი აკაკის ფურთხის?


აბა გახედე დაჩრდილულ წარსულს,
დღემდე მერანი გაურბის ყორანს,
ყური დაუგდე ცოდვილ წიწამურს,
მამაშენმა ხომ ილია მოკლა?!


მოვკალით მამა საქართველოსი,
ყვავებს მივუგდეთ არწივი ლეშად,
დაჩოქილები შველას ველოდით,
"დიდი რუსეთი" ვიპოვეთ მხსნელად.


პატარა კახს კი დღემდე ჯვარს ვაცვამთ,
ჩვენ უანგარო შველას ველოდით,
იმდენს ვერ ვხვდებით, რომ ახლა რაც ვართ,
სხვა შემთხვევაში არც ვიქნებოდით.


თუმცა შეხედე ნაჯაფარ წარსულს,
ქართველ კაცს დღემდე სამშობლო სტკივა,
საუკუნეთა მანძილზე დაცულს,
სხვისი ადათი ჩვენ რას მოგვხიბლავს?!


სხვა ჩვენ სიმდიდრით რას გაგვაკვირვებს?!
კულტურით, ბრძოლით, მეომართ ჟინით...
მხოლოდ ერთს გირჩევ, არ დაგავიწყდეს,
მოღალატეც გყავს სისხლში და გმირიც.


როცა შეივლი სვეტიცხოველში
და ჯვრის მშვენება მკვდარსაც მოგხიბლავს,
არ დაივიწყო, ერთ კილომეტრში,
შენმა "ძმაკაცმა" მამა მოგიკლა.


ჩემზე რა გითხრათ? ვერ გაგახარებთ...
მოღალატეთე ქვეყნის ვარ შვილი...
მეც ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
და ჩემს სიკვდილში ყველას გაქვთ წვლილი...



****



,შენი თავი მერგო
ღიმილად და მალვად...
გადაგაქცევ ერთხელ
რა მოხდება კალმად...
მერე ლექსებს დავწერ
შენი გულის ფიქრებს...
რას ატარებ სევდად
ასე მივხვდე იქნებ...
ან უბრალოდ თეთრ ფერს
გადავავლებ შენსას...
ავატირებ ქვას და...
ავაცრემლებ ხესაც...
არ გავუშვებ თითებს
იმ ტანს ფიქრით გამთბარს...
მინდა გავხსნი სცენას...
ან დავუშვებ ფარდას...
და ცრემლიანს ასეთს
აგარიდებ თვალებს...
ყურთან წაგიმღერებ
ალილოს ან ლალეს...
ან უბრალოდ ისე...
დაგაჩნდები ხალად...
და დავრჩები შენში...
ულამაზეს ქალად!



****



დარდი...-სიყვარულისფერა,
სევდა შენი...-ცისარტყელა,
ვარსკვლავები ციმციმელა,
მთვარე...-შოთისპურის ხელა.
ზღვა ზღვისფერა, ცა ცისფერა,
ოქროსფერად დაიფერა...
ნისლი...- ღრუბლის ერთი წველა,
მთის კალთაზე გაიწელა,
წვიმა...-სიხარულის ცვენა,
თოვლი...-უფლისაგან შველა.
ცხვირწინ მიდევს ხონჩით ყველა,
რაც რომ ღვთისგან დაიწერა,
თვალმაც ასე დაინახა!
გულმაც ასე დაიჯერა!
ჩემო ლამაზო ქვეყანა!
ვიცი, მომკლავს შენი მზერა!
დარდი...-სიყვარულისფერა,
სევდა შენი...-ცისარტყელა,
არცა ვნაღვლობ, არც ვინაღვლებ!
ესაც ჩემი ბედისწერა!



****



ნახე... დამიგულა სიმარტოვემ,
ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა,
ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ
სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება.
და მერე... მიდიან შეგრძნებები,
და მერე... ბრუნდება უშენობა,
ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები,
რადგან ნიავივით უფერო ვარ
და რთული ქარივით, სევდასავით,
თვალებში ჩაკირულ ნაღველივით,
მოდი... უჩემობას შეგასწავლი,
დრო რომ განმეორდეს გაფრენილი,
ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა,
შენი ნაკვალევი წამიშალო,
ყველა ემოცია არ წამართვა,
მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო.
...ქალაქი აიკლეს ბეღურებმა,
შენ კი ერთგულებით დაიღალე,
იცი, ხეივანი გემდურება,
მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე.
შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ,
ცასაც ნაოჭები გასჩენია,
ლექსებმა დუმილი გაიმეტეს,
უსმინე... სათქმელი დარჩენიათ



****



მივდივარ მარტო, მე რწმენა მახლავს,
მარტო ვიარო უკეთესია,
მე იმ გორაზე ავდივარ ახლა
რომელ გორაზეც დგას ეკლესია.

ფიქრით მივყვები ვიწრო ბილიკებს,
და მომაფხიზლეს ეხლა ზარებმა,
ღმერთის კარები მუდამ ღიაა
და შიგნით შესვლა რად მეზარება.

ეკლესიაში არ მივალ ხშირად,
გვერდით დამყვება ისევ სატანა,
ეს ყველაფერი მიჯდება ძვირად,
აღარ მსურს ღმერთო ამის ატანა.

და ისე მიჭირს ახლა იქ ასვლა,
თითქოს გოლგოთას მიმქონდეს ჯვარი,
თან ვაკვირდები ეხლა მზის ჩასვლას,
მსურს სატანაზე ვიყარო ჯავრი.

ღმერთო გვიშველე, მაშინ ვიძახით,
როცა ცუდად ვართ, რაღაც გვჭირდება
დავანთებთ სანთელს ეკლესიაში,
როცა ძალიან გაგვიჭირდება.

ვუახლოვდები, და ვიღაც კაცი
ეხმარებოდა მოხუცს და სნეულს,
ღმერთო ეშმაკი მე ძალას მაცლის
გთხოვ ამაცილე, ეშმაკისეულს.

ამ ბილიკს მივალ მაინც ბოლოში,
ავი სულებიც მექაჩებიან
და ეკლესიის მცირე ეზოში
ანგელოზები მელოდებიან.

და ავაღწიე ბოლოს და ბოლოს,
სულის სიმშვიდე ვიგრძენი სრული,
ასე განვაგდე ეშმაკი ჩემგან
ასე განვდევნე ბოროტი სული.

მივდივარ მარტო, მე რწმენა მახლავს,
მარტო ვირო უკეთესია
მე იმ გორაზე ავდივარ ახლა
რომელ გორაზეც დგას ეკლესია.


წინა სიახლე » რა არის სიყვარული???შემდეგი სიახლე » ეროტიული პოეზია...


  • არ მომწონს
  • +10
  • მომწონს
  • უკან
5-07-2011, 13:19 3 187 1 -

სულ კომენტარები: 1


ლიზი от 9 ოქტომბერი 2011 20:04
cveti cveti cveti cveti




ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.