» » » მიხა ხელაშვილის ლექსები

მიხა ხელაშვილის ლექსები

მიხა ხელაშვილის ლექსები


შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს ვინ იყო მიხა ხელაშვილი, ეს იყო სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული გენიოსი ადამიანი. მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ეს გვერდი

მიხა ხელაშვილი - გაცოცხლოს, ქართველნო ქალნო

გაცოცხლოს, ქართველნო ქალნო,
ანუ ქართველნო დედანო,
შვილებისათვის მომთხრობნო
წარსულთა სიტურფეთანო.
სამშობლოსათვის საშველად
სუსტის ძალ-ღონით მჩქეფავნო,
შეგასწროთ ერის დიდებას,
სულით და ხორცით ნეტარნო,
ღმერთმა გაცოცხლოთ თქვენაცა,
მათგან ნაშობნო მხედარნო!

მიხა ხელაშვილი - ბინდისფერია სოფელი

ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.

მიხა ხელაშვილი - როდისღა უნდა გათენდეს

როდისღა უნდა გათენდეს,
რა ძნელად არის ბნელია!
გზა არ ეგების არსაით,
დრო არის საშინელია.
წვიმაა გასაკვირველი, -
ალბათ გარისხდა ელია.

მიხა ხელაშვილი - საღამოს მოგონება

მთვარევ, დაბძანვას აპირებ,
რად მალე დაიხარეო?
წადი, ხო მაინც არ იშლი,
ჩარგლის თავს გაიარეო,
იმას უამბე ამბავი,
ვისთანაც დაგაბარეო.
უთხარ, რომ მწარე ფიქრები
სალხინოდ გამასცალეო
და ამ წერილის კითხვითა
გაართე, გაახარეო.
გული, მტირალი ჩუმადა
ცოტა ხანს დაიწყნარეო,
გაირთე ქვეყანაზედა,
მიიარ-მოიარეო,
შახედენ მთათა და კლდეთა,
- ამდენი არემარეო!
მარტო შენ თავი ნუ გგონავ
მტირალი, მგლოვიარეო.
ათი-ათასი სხვაც არი,
ქვეყანა მოვიარეო.


წინა სიახლე » ლექსები მონატრებაზე


  • არ მომწონს
  • +5
  • მომწონს
  • უკან
3-12-2015, 09:18 1 364 1 -

სულ კომენტარები: 1


მონიკა от 5 დეკემბერი 2015 14:32
ლამაზი და ძალიან მაგარი ლექსებია good ძალიან მომეწონა




ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.