» » » სიყვარულზე... და სხვა...

სიყვარულზე... და სხვა...

სიყვარულზე... და სხვა...


..ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...
ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია...
დავიძინებ-მიყვარხარ!გავიღვიძებ-მიყვარხარ!
ჩემთან ხარ-მიყვარხარ! და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ!
მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა.
შენგან მივდივარ-მენატრები...თვალს მოგაშორებ-მენატრები...
როცა გიყურებ,მაშინ ყველაზე მეტად მენატრები...
მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია.
ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა.როცა
ახალდაბადებულ ბავშვს ვეფერები-შენ გეფერები! როდესაც შინ
თითისწვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს
ვუფრთხილდები.მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი.
მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები...არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები.
ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს... მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია...
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!

-

მან აიფარა პირზე ხელები შემკრთალი სულის
შესაჩერებლად...
მანქანა უკვე ქუჩაში იცდის და ჩემოდანი, სიზიფის ლოდი,
აგდია კართან.
ჩვენ გავფრინდებით სხვადასხვა მხარეს და ერთდროულად
ვიქნებით ცაში.
ცაც გაიყოფა ღრუბლებით სავსე და შეფერილი მზის თბილი
სისხლით.
ჩვენ ერთდროულად ვიქნებით ცაში და გავფრინდებით
სხვადასხვა მხარეს, ჩვენი სისუსტის და ცის სიდიდის
დასამტკიცებლად.
ქალაქს ჯერ სძინავს, ჯერ კიდევ სძინავს და შემზარავად
ცარიელია.
წყვდიადიც, როგორც სამყაროს კვამლი,
ფეხს ითრევს ცაზე.
და აი, უკვე მიჰქრის მანქანა, თითქოს გაურბის უკაცურ
ქალაქს.
ჩვენ კი ჯიუტად მივჩერებივართ ნაცრისფერ
სივრცეს.
ხოლო სახლები, გაოცებულნი ჩვენი დუმილით და მოთმინებით
ებჯინებიან ერთმანეთს მხრებზე, რომ დაგვინახონ...
უკანასკნელად.

-

აღსასრულისკენ სამყარო მიქრის,
ვით პატრონმკვდარი ველზე ქურანი…
ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,
ანდა წამართვი ფიქრის უნარი.

ფიქრისგან ფიქრი ჩნდება, ჭავლივით.
არ წყდება მტანჯველ ფიქრთა ნაკადი,
თითქოს ათასჯერ უკვე ჩავლილი
და ვერჩავლილი მაინც აქამდის.

გზა კი იგივე რჩება მიზნამდი
და ახლა გულშიც ვერ მითქვამს შიშით:
ფიქრი მაწრთობდა ცხოვრებისათვის,
თუ დავემალე ცხოვრებას ფიქრში…

-

ყველაფერი ძველდება მიწისქვეშეთში, ცვდება, იფიტება, მტვრად და ფერფლად უბრუნდება მარადისობის წიაღს.
ათასი ბაბილონის გოდოლი ჩამოაქცია ჟამთა სიავემ.
ათასი გოროზი გულის ძახილი შეერია დიდ უდაბნოთა დაუსაბამო მდუმარებას.
უდაბურდებიან სემირამიდას ბაღებიც...
ვინ იცის, რამდენი ამპარტავანი სულის ზვაობას მოეღო ბოლო, რამდენი ამაო ზრახვა ჩაჰყვათ სამუდამო ძილში ბედისა და სახელის თავზეხელაღებულ მაძიებლებს? “და გამწარებით ხრავენ ქვიშასა“.
ინავლება სიყვარულიც...
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ბროწეულის ლორთქო ფესვები კადნიერად გაჰკვეთენ ქვიან ბალავარს და სარკოფაგის ათასწლოვანი სიგრილიდან კვლავ ამოგიზგიზდება „ვით ბაზმა გაუქრობელი“, – ჩვილი, უმწეო, სამარადისო ხმა:

"ძევახ სიცოცხლეო ჩემო!"

• • •
გურამ ასათიანი
• • •

-

სიყვარული
• • •

ჩიტს მოეწყინა
უკიდეგანო,
უსასრულო სივრცეში ფრენა
და ჩემს პატარა,
ჩემს გამოკეტილ,
მყუდრო გალიას შემოეფარა...
რა უნდა მექნა!
მე გავაღე გალიის კარი,
მერე დავლეწე სულაც გალია...
ის კი ზის ისევ
სულის სარკმელთან
და გამუდმებით
რაღაც შორეულ,
რაღაც იდუმალ,
უცხო სიმღერას მეჭიკჭიკება.

• • •
თედო ბექიშვილი
• • •

P.S ზოგიერთი ქმნილების ავტორი ჩემთვის უცნობია


წინა სიახლე » ლექსები სიყვარულზე (5 ლექს...შემდეგი სიახლე » თუ მოგენატრები


  • არ მომწონს
  • +25
  • მომწონს
  • უკან
5-11-2011, 22:47 6 279 0 -

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.